BMW ისტორია
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრენდი, რომელზეც დღეს გიამბობთ, ყველა ტიპის ადამიანს ერგება. ამ მწარმოებელმა კარგად იცის მომხმარებლის ტიპები და მათ შესაბამისი გემოვნების მანქანებს სთავაზობს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მისი ისტორია მაშინ იწყება, როცა სამყარომ ზოგადად ავტოისტორიის წერა დაიწყო. საუბარია BMW-ზე, ბევრისთვის უბრალოდ საყვარელ, ბევრისთვის კი საკულტო ბრენდზე.
ჰენრიხ ერჰარდტი და “Dixi”
მსგავსად სხვა ავტომწარმოებლებისა, BMW-ს ისტორიაც 1880-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ეს ის პერიოდია, როცა მსოფლიოში ავტომობილების წარმოების ბუმი იდგა და საერთაშორისო საზოგადოება, ყოველდღე თუ არა, ყოველწლიურად მაინც 1 მნიშვნელოვანი ინოვაციის მომსწრე ხდებოდა. იმავე პერიოდში ცხოვრობდა ადამიანი, სახელად ჰენრიხ ერჰარდტი, რომელმაც 1896 წელს ველოსიპედების, ასევე სამხედრო, სასწრაფო და სხვადასხვა დანიშნულების მანქანების წარმოება დაიწყო და ქ.აიზენაჰში ქარხანა გახსნა. რომ არა დაიმლერის, ბენცისა და სხვა ავტომწარმოებლების წარმატებები, შესაძლოა, ჰენრიხს იგივე პროფილი შეენარჩუნებინა, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა მას უბიძგა, ავტომობილების წარმოებაშიც ეცადა ბედი.
შედეგად, შეიქმნა BMW-ს წინაპარი – Wartburg, რომელიც მალევე გახდა მნიშვნელოვანი ავტორბოლების გამარჯვებული და ღირსეული ადგილი დაიკავა იმდროინდელ ავტომობილებს შორის. თუმცა კი, გამოშვებიდან 5 წლის შემდეგ, 1903 წელს, ვალების გამო ერჰარდტმა წარმოება შეწყვეტილად გამოაცხადა და გამოსვლა დაასრულა სიტყვით “dixi”, ანუ „მე ყველაფერი ვთქვი”, რაც ძველი რომაელი ორატორების გამოსვლისას დასასრულს ნიშნავდა.
ალბათ ეს ისტორია მართლაც დამთავრდებოდა, რომ არა ერთი ადამიანი, რომელსაც მოსწონდა ერჰარდტის მანქანები და დასასრულის ხილვა არ უნდოდა. ამ ადამიანს იაკოვ შაპირო ერქვა და მან ერჰარდტს დახმარება შესთავაზა. ამავდროულად, მან ინგლისური ქარხნებისგან Austin Seven-ის ლიცენზია შეისყიდა. აიზენახში არსებულმა ქარხანამ განაახლა ავტომობილების წარმოება. მისი მოდელები “Dixi”-ს სახელით გამოდიოდნენ.
Bayerische Motoren Werke – BMW
ამ ისტორიის პარალელურად, 1913 წელს მიუნხენში ორი პატარა ფირმა გამოჩნდა, რომლებსაც სათავეში კარლ რაპი და გუსტავ ოტო ედგნენ. ისინი პირველი მსოფლიო ომის დროს იძულებით გაერთიანდნენ და თვითმფრინავის ძრავების გამოშვება დაიწყეს.
1916 წლიდან ფირმას სახელი გადარქვეს და “Bayerische Motoren Werke” (BMW) უწოდეს, რომელსაც მალევე მოჰყვა BMW-ს ემბლემაც – მბრუნავი პროპელერის სიმბოლო. ამავე წელს კომპანიის მთავარმა ინჟინერმა, მაქს ფრიცმა 6-ცილინდრიანი საავიაციო ძრავა – ტურ-3ა შექმნა, შემდეგ კი – მოტორ-4, რომლითაც 1919 წელს ფრანც დიმერმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა სიმაღლეზე ხტომაში, როცა ცაში 9 670 მეტრზე ავიდა.
ისტორიიდან კარგად გვახსოვს, თუ რა ბედი ეწია გერმანიას ვერსალის ზავის დადების შემდეგ. ეს ამბავი BMW-საც შეეხო, რომელიც გაკოტრების პირას იყო, როცა მოტოციკლების წარმოება დაიწყო. პირველი მოტოციკლი R-32 იყო, რომელიც 1923 წელს ძალიან პოპულარული გახდა.
BMW ყიდულობს Dixi-ს მწარმოებელს
ბაირიშე მოტორენ ვერკემ (Bayerische Motoren Werke) 5 წლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ აიზენახში არსებული ქარხანა ეყიდა, რომელიც, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, „ოსტინ დიქსის” მარკის მანქანებს უშევებდა. ახალი დიქსი დიდი მოთხოვნით სარგებლობდა – როგორც ცნობილია, 1904-1929 წლებში კომპანიამ 15822 ცალი Dixi გაყიდა. შედეგად, BMW კიდევ დიდხანს აწარმოებდა ამ მოდელს.
დადგა დრო, გაერთიანებულ კომპანიას საკუთარი ავტომობილის შექმნაზეც ეზრუნა. 1927 წელს ერჰარდტმა BMW-ს ნაწილები შეიმუშავა და ახალი Dixi 3/15 PS გამოუშვა.
1930 წელს კი BMW-მ დააბრუნა Wartburg, რომელიც იმდროინდელი ჰიტი გახდა. მოდელს DA-3 დაარქვეს და მას ახლა უკვე 100 კმ/სთ სიჩქარე ჰქონდა. ჟურნალი Motor und Sport მასზე წერდა: „ვარტბურგი მხოლოდ საუკეთესო მძღოლებს უნდა ჰყავდეთ. უღირსები მას არ იმსახურებენ.”
BMW-ს დიდება
BMW-სთვის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი მოდელი BMW 303 გახდა. მასში 6-ცილინდრიანი ძრავა ეყენა და სიჩქარის განვითარება 100კმ/სთ-მდე შეეძლო. რაც ყველაზე მთავარია, ამ მოდელს ჰქონდა დიზაინი, რომელმაც მომდევნო ათწლეულებში BMW-ს მოდელების დიზაინი განსაზღვრა და მისი შტრიხები დღემდეა შემორჩენილი თანამედროვე მოდელებშიც.
BMW-სთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოდელია 326 Cabriolet, რომელიც მან 1936 წელს გამოუშვა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში კომპანიამ დაახლოებით 60 000 ცალი ეს მოდელი გაყიდა.
1936 წელს BMW-მ წარმოადგინა პირველი სპორტული ავტომობილი – ორადგილიანი როდსტერ-328. ეს ავტომობილი სპეციალურად ი მილე-მილიას (იტალ. Mille Miglia „ათასი მილი“) რბოლაში მონაწილეობისთვის შეიქმნა. და მართლაც, 1940 წელს BMW-328-მ ათასმილიანი მანძილი რეკორდულ დროში დაფარა (166.7 კმ/სთ).
საბოლოოდ, როგორც სხვა ავტომწარმოებლები მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხების შემდეგ, BMW-ს რამდენიმე ქარხანა დაზარალდა და იგი გაკოტრების წინაშე დადგა. ამის გამო ის ისევ მოტოციკლების წარმოებაზე გადავიდა.
II მსოფლიო ომის შემდეგ
თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს BMW-მ თავისი მთავარი პრინციპი ჩამოაყალიბა: მუდმივად ახალი, აგრესიულად-სპორტული და მუდამ ახალგაზრდა. ავტომობილი ადამიანებისათვის, რომლებიც, ერთი შეხედვით მოშვებულად გამოიყურებიან, თუმცა კი, რეალურად, ცხოვრებაში ბევრს მიაღწიეს, სწორედაც ამიტომ არიან ისინი მოდუნებულები.
საბჭოთა კავშირის მოკავშირეებმა BMW-ს ზოგიერთი საწარმო გაანადგურეს, მოწყობილობები კი რუსეთში წაიღეს. ერთადერთი გზა, რაც „ბავარიის ძრავების ქარხნის” ჯერ კიდევ ცოცხალ აქციონერებს ჰქონდათ, უკანასკნელი ძალების მოკრება იყო. ამოსავალი წერტილი მიუნხენში არსებული 2 ქარხანა გახლდათ.
ამ ადამიანებმა გამოსავალი მოტოციკლების წარმოებაში ნახეს და 1958 წელს 250-კუბიანი R-24 წარადგინეს. წლის განმავლობაში მისი დაახლოებით 20 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა.
1951 წლიდან BMW-მ უკვე გაბედა, ახალი მოდელების წარმოება დაეწყო. სამყაროს BMW-501 მოევლინა, რომელიც თავისი კლასის მოდელებისგან კომფორტულობით გამოირჩეოდა, თუმცა საკმაოდ მძიმე იყო და მის ძრავას ავტომობილის მასის ტარება უჭირდა. სამი წლის შემდეგ კონსტრუქტორებმა 8-ცილინდრიანი ძრავა შექმნეს, რომელიც კარგად მოერგო 501-ს. ავტომობილი 160 კმ/სთ-ს ავითარებდა.
1955 წელს BMW-მ ყველა გააკვირვა თავისი ახალი მოდელით – BMW Isetta 250. კომპანიაში მას „მოტო-კეპეს” ეძახდნენ, მოსახლეობამ კი „საბურავებიანი კვერცხი” შეარქვა. მის სამართავად საკმარისი იყო, მოტოციკლის ტარება გცოდნოდათ, რადგან მას სულ 12 ცხენის ძალა ჰქონდა და მასში R-25-ის ძრავა იყო ჩამონტაჟებული. მას მოჰყვა BMW Isetta 300, რომელიც გაცილებით მძლავრი იყო, ვიდრე მისი წინა მოდელი.
BMW-ს ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია 1966 წელი, როცა მან ახალი BMW-2000 წარადგინა. ამ მოდელმა საფუძველი ჩაუყარა BMW-ს მესამე სერიის გამოშვებას, რომელსაც მალე მოჰყვა მეხუთე სერიაც. 1970-იანი წლების ბოლოს კი ზედიზედ გამოვიდა მეექვსე და მეშვიდე სერიის ავტომობილები.
1982 წლიდან 1991 წლამდე BMW-3 სედანები იწარმოებოდა (E30), რომლებიც საქართველოშიც საკმაოდ პოპულარული იყო და მას „ხულიგანკას” უწოდებდნენ.
BMW დღეს
2006 წელი მნიშვნელოვანი პერიოდია BMW-სთვის იმ კუთხით, რომ ის ამ დროს ფორმულა 1-ში ჩაება.
2008 წლის მონაცემებით, მისი წლიური ბრუნვა 53 197 მილიარდ ევროს შეადგენდა.
2015 წლის მონაცემებით კი, კომპანიაში 122,244 ადამიანი იყო დასაქმებული.
დღესდღეობით BMW იმ გერმანულ კომპანიად ითვლება, რომელიც ავტომობილებს, მოტოციკლებსა და ძრავებს აწარმოებს. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს მიუნხენში, აქვე მდებარეობს BMW-ს მუზეუმიც, რომელსაც გასაღების ფორმა აქვს.
BMW-ს მომავალი
BMW ის ბრენდია, რომელიც უბრალოდ დროს კი არ მიჰყვება, არამედ თვითონაც მონაწილეობს მანქანების ინდუსტრიის მომავლის ფორმირებაში. დღეს, როცა ეკოლოგიურად სუფთა ძრავების წარმოება ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა და ავტოინდუსტრია ელექტრიფიკაციაზე გადაერთო, BMW-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პროცესშიც ერთ-ერთი მთავარი გმირი იყოს.
BMW-ს ელექტრომობილებს შორისაა შემდეგი მოდელები: BMW i4, i5, i7, iX და სხვა.
თუმცა ბოლო წლებში მან აქტიურად დაიწყო არა მხოლოდ ელექტრომობილების გამოშვება, არამედ წყალბადზე მომუშავე ძრავების შექმნაც. BMW ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვანთაგან, რომლებმაც შეიმუშავეს წყალბადიანი სამგზავრო მანქანების კონცეფცია. 2030 წლისთვის კი უკვე დაანონსებულია ამ ავტომობილების ოფიციალური წარმოება.
BMW-ს ამ მრავალწლიანი გამოცდილების ფონზე, მისი ისტორია მართლაც უნიკალური და განსაკუთრებულია. ის ბევრისთვის საოცნებო და საყვარელი ბრენდი გახდა. მეტიც – ბევრისთვის ის არა მხოლოდ ბრენდი, არამედ ფილოსოფიაა.