პირველი ავტომობილები მსოფლიოში
ავტოინდუსტრიის გაჩენა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა კაცობრიობის ისტორიაში, რადგან მან, ფაქტობრივად, შეცვალა ადამიანის ცხოვრება. გადაადგილება გახდა უფრო სწრაფი და მოსახერხებელი, მოიხსნა შორ გზაზე წასვლის პრობლემა და ამ პრაქტიკულ მიზეზებსაც რომ დავანებოთ თავი, ისტორიაში ახალი თაობის ფურცელი ჩაიწერა.
დღეს ავტომობილის მომხმარებელი მილიონობით ადამიანი მთელ პლანეტაზე, მაგრამ ალბათ ბევრჯერ გაგჩენიათ კითხვა – როდის და როგორ გაჩნდა საერთოდ იდეა, რომ საზოგადოება ცხენებიდან და ეტლებიდან, მექანიკურ მოწყობილობაზე გადასულიყო, რომელიც თავისით ივლიდა, უფრო სწორად, მძღოლის დახმარებით. დღეს სწორედ პირველი მანქანის შექმნაზე ვისაუბრებთ…
„უცხენოსნო ეტლის” შექმნის მცდელობები და იდეები
პირველ მანქანას უცხენოსნო ეტლს უწოდებდნენ. მისი დაბადების თარიღად 1886 წელი მიიჩნევა, როდესაც გერმანელმა გამომგონებელმა, კარლ ბენცმა დააპატენტა თავისი Benz Patent-Motorwagen. თუმცა სანამ ამ საკითხს განვიხილავდეთ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ ერთი ფაქტის შესახებ, რომელიც ავტომობილების შექმნის ისტორიაში ფიქსირდება.
1495 წელს ცნობილ მხატვარს, არქიტექტორსა და მოქანდაკეს, ლეონარდ და ვინჩის დაუხატავს ნახატი, რომელზეც გამოსახულია რთული კონსტრუქცია. დღევანდელი გაგებით, ეს არის ავტომობილის მსგავსი მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გადაადგილება. მნიშვნელოვანია ისიც ვთქვათ, რომ 2004 წელს ფლორენციის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტისა და მუზეუმის ჯგუფმა გაშიფრა და ვინჩის დეტალური გეგმები და დადგინდა, რომ „და ვინჩისეული მანქანა” ნამდვილად იმუშავებდა ის რომ სისრულეში მოეყვანათ.

კიდევ ერთი მცდელობა უცხენოსნო ეტლის შესაქმნელად, იყო 1769 წელს ნიკოლას-ჟოზეფ კუნიოს მიერ აწყობილი თვითმავალი, რომელიც სამ ბორბალზე იდგა და მხოლოდ 4 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლო. მართალია, მას ვერ დავარქმევთ მანქანას, მაგრამ როგორც მისი წინამორბედი შეგვიძლია განვიხილოთ.
სანამ კარლ ბენცი თავის პირველ ძრავას გამოიგონებდა, ეს იდეა ჰოლანდიელ ფიზიკოსთან, კრისტიან ჰაიგენსთან ჩნდება, თუმცა როგორც დღევანდელი ავტოექსპერტები ხშირად ხუმრობენ, კარგია, რომ იდეა სისრულეში ვერასოდეს მოიყვანა, რადგან მისი გეგმა დენთის მოხმარებას გულისხმობდა.
ოფიციალურად პირველი
1885 წელს გოტლიბ დაიმლერმა შექმნა მსოფლიოში პირველი თანამედროვე ძრავა. ეს იყო ერთი ვერტიკალური ცილინდრი, რომელშიც ბენზინი შეჰყავდათ. დაიმლერი კარლ ბენცის თანამემამულე იყო და მომდევნო წელს უკვე ბენცის მიერ დაპატენტებულ მოდელს სწორედ ისეთი ძრავა ჰქონდა ჩაყენებული, როგორიც დაიმლერმა შეიმუშავა.
ბენცმა მოიპოვა საავტორო უფლებები და აიღო კრედიტი პირველი ოფიციალური მანქანის შესაქმნელად.
თავდაპირველი მოდელი მართლა უცხენოსნო ეტლს ჰგავდა. იგი ორ დიდ, წაწვეტებულ ბორბალზე იდგა და წინ ჰქონდა კიდევ ერთი დიდი ბორბალი, რომელიც თითქოს ცხენს ანაცვლებდა. ბენცმა მალე დაიწყო ფიქრი მის გაუმჯობესებაზე და 1891 წელს უკვე პირველი ოთხბორბლიანი მანქანის აწყობამდე მივიდა. მან დააარსა კომპანია Benz & Cie, რომელიც იყო მსოფლიოში პირველი ავტომობილების მწარმოებელი.

უნდა ითქვას, რომ მიუხედავად არსებული ფაქტებისა, დღემდე სადავო საკითხია, ვისი სახელი უნდა დავასახელოთ მსოფლიოში პირველი ავტომობილის გამომგონებლად – დაიმლერის თუ ბენცის…1927 წელს Daimler და Benz გაერთიანდნენ Daimler Group-ის შესაქმნელად და ალბათ არ იცოდნენ, რომ სამომავლოდ ის Mercedes-Benz-ად გადაიქცეოდა.
როდესაც პირველ მანქანებზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ფრანგებიც ცდილობდნენ პირველი ძრავიანი მოწყობილობის შექმნას, რომელიც თავისით დადის. იყო კიდევაც მცდელობები და ექსპერიმენტები დღევანდელი პეჟოს მწარმოებლებისგან 1891 წელს, თუმცა კომპანია არ აცხადებს პრეტენზიებს ამ ტიტულზე.
ამერიკელი ავტომწარმოებელი და ახალი ბრენდები
ჰენრი ფორდის სახელი ყველასთვისაა ცნობილი. მისი პირველი მანქანა სახელად, Model T 1908 წელს გამოვიდა. მისმა შემუშავებულმა ტექნიკამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ავტომობილის წარმოების საქმეში. იგი ამცირებდა ხარჯებსა და მანქანის აწყობის დროს. ამ წარმატებამ ფორდი ავტომობილების უმსხვილეს მწარმოებელად აქცია მსოფლიოში.
1917 წლისთვის 15 მილიონი Model T აეწყო. ფორდმა დაიწყო ევროპულ ქვეყნებში ქარხნების აშენება.

1930 წლისთვის ავტოინდუსტრიას სხვა მწარმოებლებიც შეუერთდნენ, როგორებიცაა დღეს ძალიან ცნობილი და მსოფლიოში გავრცელებული ბრენდები: Chrysler, Cadillac, Volvo და სხვა. ამ პერიოდიდანვე უკვე ჩნდება მერსედესის ავტომობილებიც, რომლის სახელიც ემილ ელინეკს უკავშირდება. ის დაიმლერის ავტომობილებით ვაჭრობდა და რბოლებში მონაწილეობას შვილის, მერსედესის სახელით იღებდა. შემდეგ მან საწარმოს ახალი, უფრო მძლავრი მოდელი შეუკვეთა და სწორედ ამ მოდელზე დაფუძნებით, პირველი მერსედესიც შეიქმნა.
როგორც ავტოისტორიას ვკითხულობთ, ოფიციალური წყაროები პირველი მანქანის შემქმნელად კარლ ბენცს ასახელებს, თუმცა როგორც ვხედავთ, ერთ პერიოდში რამდენიმე ადამიანი ფიქრობდა და მუშაობდა პირველი მანქანის შექმნაზე. ბენცი იქნება ეს თუ ფორდი, იმდენად მნიშვნელოვანი ამ გადმოსახედიდან ალბათ არ არის. მთავარი ისაა, რომ დღეს 21-ე საუკუნეში მათი წყალობით გვაქვს უზარმაზარი ინდუსტრია, რომელსაც ავტომობილების წარმოება ეწოდება.